სორის მონასტერი

   

,,ამ მინდას ზეით მოერთვის რიონს ჩრდილოეთიდამ სორისხევი, ამაზედ არს მონასტერი უგუნბათო, დიდი, კეთილ-შენი, აწ ხუცის ამარად."
  ასე მოკლედ აღწერს ვახუშტი ბატონიშვილი სორის მონასტერს, რომელიც მდებარეობს სოფლის სიახლოვეს, მდ. სონტარულას მარცხენა მხარეს, მთის ძირში, ვაკე ადგილას. როგორც ჩანს, იმ დროისათვის მონასტერი დაქვეითებულა; მაგრამ იმავე, XVIII საუკუნეში, რაჭის ერისთავის შოშიტა
III-ს ზრუნვითა და შემწეობით შესამჩნევად აღორძინდა სამონასტრო ცხოვრება.
სორის მონასტრის ჯვარცმის ეკლესიის აგებას მკვლევარები
XIII საუკუნეს მიაწერენ, რაც არ უნდა ნიშნავდეს ამავე დროს სავანის საფუძვლის ჩაყრას. მონასტერი უფრო ადრე უნდა იყოს დაარსებული, თუ როდის, ამაზე მხოლოდ არქეოლოგიურ კვლევას შეუძლია პასუხის გაცემა.
    გიორგი ბოჭორიძის აღწერილობა (1920-იანი წლები) გვეუბნება: ,,ეკლესია ერთნავიანი შენობაა, 14,5×8,5 მ., ნაგები ქვიტკირისაგან. ძველად მას სამხრეთით და ჩრდილოეთით ჰქონია ეგვტერები, რომლებიც XIX საუკუნის 70-იან წლებში, ეკლესიის განახლების დროს, უკვე დანგრეული ყოფილან; მაშინ ისინი სულ მოუშლიათ და სამაგიეროდ ეკლესიის დასავლეთი ნაწილი გაუდიდებიათ.
    გადმოცემით ეკლესია აშენებული და მოხატულია საპყარ ერისთავის ჭარელისძის ქველის მიერ, ხოლო განახლებულია შოშიტა ერისთავის მიერ XVIII საუკუნეში. პირველი დახატულია ჩრდილო კედელზე, მეორე სამხრეთ კედელზე.
    წარწერები მხატვრობას აქვს ასომთავრულად, ხუცურად,მდივანმწიგნობრულად და მხედრულად.
   ეკლესია მოხატული უნდა იყოს და ეგების აშენებულიც XIII საუკუნეში.ეკლესია, როგორც პ. უვაროვა გადმოგვცემს, სიძველეებით მდიდარი ყოფილა. სამწუხაროდ, ჩემი მისვლისას მათი უმეტესი ნაწილი განადგურებული აღმოჩნდა. ამ სიძველეთა
ნაშთებიდან მე მოვაგროვე ერთი ყუთი. არ აღმოჩნდა აგრეთვე ეტრატზე ნაწერი დიდი ტანის გულანი, შემკული მრავალი ისტორიული მინაწერით.
     ეკლესიის სამხრეთით არის პატარა გორაკი ,,ნაციხური."ძველად აქ სამრეკლო ყოფილა; იგი ახლა დანგრეულია და მისი მარტო საძირკველიღა მოჩანს. ადგილობრივ პირთა ცნობით აქ განძი არის დაფარული. ამ ადგილას დღესასწაულის დროს თემის, ანუ თემად დასხდომა სცოდნიათ."

      ჯვარცმის ეკლესია რომ უნიკალური სიძველეებით ყოფილა მდიდარი, ამას მრავალი წერილობითი საბუთიც ადასტურებს.ერთი ცნობით, მარი ბროსე აღტაცებაში მოუყვანია (1840-იანი წლები) ტაძრის ჯვარ-ხატებს. ერთ-ერთი მათგანის ძვირფასი ქვებით მოოჭვილ ხატზე კი უთქვამს: ხატის მარტო ამ ბრწყინვალე ქვების საფასურით დიდი ეკლესიის აშენებაა შესაძლებელიო. ამიტომაც იყო, რომ ტაძარი რამდენჯერმე გაიძარცვა ავაზაკების მიერ.
    პროფ. თამაზ ბერაძე წერს: ,,სორის ჯვარცმის ეკლესიას ამკობდა ჯვარი, რომელიც გადმოცემით გადამშის მონასტერს ეკუთვნოდა, რომლის ნანგრევები XIX საუკუნეში ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო, ტყეში, სონტარულას პირას. ეს ჯვარი გადამშის ეკლესიიდან მოგლეჯილა წყალდიდობის დროს და დინებას სორის მონასტრამდე მიუცურებია.
     ასევე გადმოცემით, ეკლესიის სამხრეთი მინაშენი რაჭის ერისთავთა აკლდამას წარმოადგენდა.
   1825 წელს მონასტერს მხოლოდ ორი კომლი გააჩნდა. ბერთა კრებული წინამძღვრისა და მთავარდიაკვნისაგან შედგებოდა."

    ხელოვნებათმცოდნე იზოლდა ჭიჭინაძე, რომელმაც შეისწავლა ტაძრის მოხატულობა, აღნიშნავს: ,,ილუსტრაციები
წარმოაჩენენ სორის მოხატულობის მხატვრულ ღირებულებას, გვაგრძნობინებენ მისი ნატიფი ფერადოვანი შეხამების სილამაზეს და მხატვარ დავითის ბრწყინვალე ტექნიკურ
ოსტატობას."
ეს ის ცნობილი ქართველი მხატვარი დავითია, რომელმაც მოხატა უბისის ტაძარი.
   XIX საუკუნის პირველი ნახევრის რაჭის საეკლესიო წიგნებში მოხსენებული არიან სორის მონასტრის მღვდელ-მონაზვნები: დავით შიოს ძე მინდელი და იოანე ქაიხოსროს ძე.
   სორის მონასტერში ბერმონაზვნური ცხოვრება 1850-იან წლებში მოიშალა.დრო-ჟამის სვლამ და მიწისძვრებმა საგრძნობლად დააზიანა ჯვარცმის ეკლესია. მაგრამ ამ ბოლო წლებში სოფლის მცხოვრებთა ძალისხმევით მოხერხდა ტაძრის საფუძვლიანი შეკეთება. გამაგრდა კედლები, დაიხურა ლითონის სახურავით. ძველი ფრესკები საიმედოდაა დაცული. ეკლესიას მოვლა-პატრონობა არ აკლია. ტაძრის წინ აშენდა ახალი,ლამაზი სამრეკლო.

No comments:

Post a Comment