მეჭვრეთის მონასტერი

 იყო დრო,როცა მეჭვრეთის დიდ მონასტერში მრავალრიცხოვანი ქართველი ბერები რუდუნებით აღასრულებდნენ უფლისა და ქვეყნის სამსახურს. ნამონასტრალის მონახულება ცხადს ხდის,რომ ოდესღაც საწუთროს საზრუნავსა და შფოთიან ცხოვრებას გარიდებულ ბერმონაზვნებს სოფ.ლიხეთის ეს თვალწარმტაცი ადგილი სასულიერო ცხოვრების მნიშვნელოვან კერად უქცევიათ.ძველი ეკლესიის ირგვლივ შენობა-ნაგებობათა ნანგრევები ამის უტყუარი დასტურია.
 უნდა ითქვას,რომ სოფ. ლიხეთის ტერიტორია ადრეული დროიდანვე ყოფილა დასახლებული.აქ გაითხარა ანტიკური ხანის სამარხი,სადაც სხვა ნივთებთან ერთად აღმოჩნდა კოლხური თეთრის მონეტა.მიაკვლიეს აგრეთვე ფეოდალური ხანის მადანის სადნოვ ღუმელს.
 რაც შეეხება მეჭვრეთის მონასტრის წმინდა გიორგის ძველ ტაძარს,მისი აშენება VIII-IX საუკუნეებს მიეკუთვნება და ერთ-ერთი უძველესია რაჭაში.ამჟამად ეკლესიის დანგრეული კედლების ნაწილია შემორჩენილი.თუ როგორ გამოიყურებოდა ტაძარი 1920-იან წლებში,ამის შესახებ მოგვითხრობს გიორგი ბოჭორიძე: ,,მეჭვრეთის ეკლესიის ნანგრევები მდებარეობს მდ. ლუხუნის ხეობაში,სოფ. ლიხეთის ჩრდილოეთით 1 ვერსზე,ხევების სერულისა და ხეორის შესართავთან,გორის დაბალ კალთზე,ბუნებით მშვენიერ ადგილას.
 ეკლესია ერთნავიანი შენობაა,რომელსაც სამხრეთით,დასავლეთით და  ჩრდილოეთით მიშენებული აქვს გალერიები,დაზიანებული თაღით,დანარჩენი ნაწილისა კი მხოლოდ ნანგრევებიღა მოჩანს.
  ეკლესია მოხატული ყოფილა;მხატვრობა დღეს ნაშთადღა არის,ჩრდილოეთ კედელს კირზე ემჩნევა მხატვრობის კვალი;შენახულია წითელი მკრთალი ფერები.
 ეკლესია დაუზიანებიათ 1929 წელს.იგი დაუნგრევიათ და მისი მასალა უზიდიათ ლიხეთის სკოლის ასაშენებლად.
 ეკლესიის დასაავლეთით არის დიდ შენობათა ნანგრევები,სადაც ბერების საცხოვრებელი ბინები უნდა ყოფილიყო;ძველად აქ მონასტერი ყოფილა.
 ეკლესიასა და სხვა შენობებს გარშემო გალავანი ჰქონია,მისი დღეს ნაშთიღა მოჩანს,აქვე არის დიდი ხნის ტყე,რომელსაც ურევია ბზის ხეებიც".
 რაც შეეხება ეკლესიის მხატვრობის კვალს,რასაც მკვლევარი აღგვიწერს,დღეს ყოველგვარი ნიშანი წაშლილია.დიდი ხნის ხნის ტყე კი ისევ უცვლელადაა შემონახული და კვლავ ამშვენებს ისედაც მშვენიერ გარემოს.
  თუ როდის ჩაეყარა საფუძველი მეჭვრეთის მონასტერს,ძნელი სათქმელია,მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ეს მოხდა  IX საუკუნეში-ტაძრის აგების ხანაში.ეს უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი ძველი სავანე რაჭაში.
  რაც შეეხება სამონასტრო ცხოვრების ხანგრძლივობას,შემორჩენილი ნაშთების  მდგომარეობის მიხედვით,შესაძლოა,რომ აქ გვიანფეოდალურ ხანაშიც ემოღვაწათ ბერებს.
  არ შეიძლება არ შეინიშნოს,რომ მეჭვრეთის უძველესი და უნიკალური ტაძრის ნანგრევებიც კი ჩვენი უდიდესი სიმდიდრეა,რასაც შესაბამისი მოვლა პატრონობა ესაჭიროება.ბევრი,თუნდაც დიდი წარსულის ქვეყანა ინატრებდა ასეთ ძეგლს და სათუთად მოუვლიდა.მეჭვრეთის,ჯოისუბნის,ღვიარის,ბუბის შეუბნისა და სხვა მნიშვნელოვანი ტაძრების აღდგენას თუ ვერ შევძლებთ,მათი ატმოსფერული ნალექებისაგან დაცვა კი უნდა მოვახერხოთ,რათა არსებული სახე მაინც დავუტოვოთ მომავალ თაობებს.

 სიღატაკე,მწუხარება,ყოველივეს ნაკლებობა-აი,მონაზვნური ცხოვრების სამუშაო იარაღები.
                                                                                   ამბა პიმენი

No comments:

Post a Comment