სოფ.ლაბეჭინის(დღეს უკვე ნასოფლარის)მოდამოებში,სოფლის ზემოთ,დგას XIII საუკუნის შთამბეჭდავი ბაზილიკური ტაძარი-მთავარანგელოზთა ეკლესია. უწინ აქ დიდი მონასტერი იყო.ეკლესია აუგია მონასტრის წინამძღვარს გაბრიელ ლაბეჭინელს,ძლიერი მიწიძვრისაგან დანგრეული ძველი ტაძრის ადგილას.მანვე შეადგინა ვრცელი ანდერძი,რომელმაც ჩვენამდე მოაღწია.ანდერძი უძვირფასეს ცნობებს შეიცავს იმდროინდელი საეკლესიო-სამონასტრო მოწყობის შესახებ.
მკვლევარი ლევან ფრუიძე 2003 წელს აქვეყნებს მონოგრაფიულ გამოკვლევას-,,სოფელი ლაბეჭინა და ლაბეჭინის მონასტერი",რომელიც მკითხველს წარმოდგენას შეუქმნის ძველთაძველ მონასტერზე:,,ლაბეჭინა საქართველოს სოფლებს შორის ერთ-ერთი უძველესია,მდებარეობს მდინარეების ასკისა და ლაჯანურის წყალგამყოფ ლებეჭინის სერის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე.ეს სერი,გველითავთან ერთად,რაჭისა და ლეჩხუმის ბუნებრივი საზღვარია.
ლაბეჭინა ქრისტიანული კულტურის ერთ-ერთი უძველესი კერა იყო.
გაბრიელ ლაბეჭინელის უკვდავი ანდერძით ცნობილია,რომ ლაბეჭინის ეკლესია XIII საუკუნეშია აგებული,ხოლო მის კედლებში ჩატანებული ჩუქურთმიანი და წარწერებიანი ქვები დათარიღებულია XI-XII საუკუნეებით.
მონასტერს უმდიდრესი წიგნთსაცავი ჰქონია,რომელიც XIII საუკუნეში მიწისძვრის გამო ძლიერ დაზიანებულა.მონასტერი სამეფო იყო,ისევე როგორც მახლობლად მდებარე ჭყვიშის გრანდიოზული ციხე,რომელიც ლაბეჭინის საუნჯესაც სდარაჯობდა და ჩრდილოეთ კავკასიიდან შავ ზღვასთან დამაკავშირებელ უმოკლეს მაგისტრალსაც კეტავდა.როგორც ცნობებიდან ირკვევა,მონასტერში მოღვაწე ბერები,სწავლულები,ღმერთის სახელით ხალხს ასწავლიდნენ ბუნებრივი რესურსების ზომიერად გამოყენებას,ეკოლოგიური წონასწორობის დაცვას და ა.შ. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს სწავლა-აღზრდისა და სასკოლო საქმიანობაში მონასტრების უდიდესი მნიშვნელობა.
როცა სამეფო ხელისუფლება დასუსტდა და საქართველოს დაშლა-დაქუცმაცება გარდაუვალი გახდა,ლაბეჭინის მონასტერი ინასარიძეებმა საძვალედ გაიხადეს და სოფელსაც დაეუფლნენ.ადრე ლაბეჭინა სამონასტრო სოფელი უნდა ყოფილიყო,ხოლო ამ სოფლის მკვიდრი ჯინჭარაძეები სასულიერო გლეხები.
გიორგი ინასარიძის გარდაცვალების შემდეგ(XVIII ს პირველი მეოთხედი)მონასტერი თანდათან დაკნინდა.სამეგრელოს მთავართა ახალმა დინასტიამ მას საირმის უდაბნოს განახლებული მონასტერი დაუპირისპირა.საბოლოოდ დადინებმა 1766 წელს,ლაბეჭინის საწინაძღვრო ეკლესია მრევლითა და ადგილ-მამულით ამ ლავრას შესწირეს.რადგანაც ლაბეჭინის მონასტერი ოდესღაც სამეფო იყო,დადიანებს კი თავიანთ სამფლობელოში მეფის საკუთრებისა და სახელის ამოაშნთვა სურდათ,მიაღწიეს კიდეც ამას.
როგორც ირკვევა,ინასარიძეთა სოფლები და მამულები თანდათან დადიანებმა დაიკავეს.საბოლოოდ ჭყვიშის სამეფო ციხესაც დაეუფლნენ და ლაბეჭინის მონასტერიც გააუქმეს".
თავმდაბალი არასოდეს ეცემა,სადღა დაეცემა იგი,ვისაც საკუთარი თავი ყველაზე უმდაბლესად მიაჩნია?
წმინდა მაკარი დიდი
No comments:
Post a Comment